თუ სანკტ-პეტერბურგს ხშირად მოიხსენიებენ როგორც რუსეთის ევროპისკენ გამავალ „ფანჯარას“, მოსკოვი ნამდვილად იმსახურებს რუსეთის „სულისა და გულის“ ტიტულს. მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის დედაქალაქი რუსეთის ე.წ. ევროპულ, დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და მდინარეების, ვოლგასა და ოკას, აუზშია გაშენებული. ქალაქის ცენტრში გაედინება მდინარე მოსკოვი, რომელზეც აშენებული 49 ხიდი მუდმივად იქცევს ტურისტების ყურადღებას თავისი ლამაზი ხედებითა და უნიკალური არქიტექტურით.
მოსკოვში 15 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა თუ ქალაქის მეტროპოლიტენის არეალსა და მის გარეუბნებსაც გავითვალისწინებთ, მოსკოვის ოლქის ჩათვლით, ეს რიცხვი 25 მილიონამდე აღწევს, რის შედეგადაც, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსკოვი ევროპაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.
ისტორიულ წყაროებში მოსკოვი პირველად 1147 წელს სუზდალის მთავრის იური დოლგორუკისთან მიმართებით მოიხსენიება. მიუხედავად იმისა, რომ იგი მალევე გახდა კიევის რუსეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, დედაქალაქის სტატუსი პირველად 1328 წელს მოიპოვა, როდესაც მოსკოვის დიდი სამთავროსა და „ყოველთა რუსთა მიწის“ დედაქალაქად იქცა. სტატუსი დაკარგა პეტრე I-ის დროს, როცა დედალაქი სანკტ-პეტერბურგში გადაიტანეს, თუმცა ეს გარემოება ისევ შეიცვალა საბჭოთა მმართველობის დროს და 1918 წლიდან დღემდე იგი სიამაყით განაგრძობს ამ სტატუსის ტარებას.
მრავალი ინდექსის მიხედვით, მოსკოვი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია, თუმცა ამ ფაქტმა არ უნდა შეგაშინოთ. იგი ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამშობლოა: ქალაქის ცენტრში ტურისტული მარშრუტები და მთავარი დანიშნულების ადგილები მარტივი მისაგნებია მეტროს გაჩერებებიდან. რადგან მეტროზე ჩამოვარდა საუბარი, გეტყვით, რომ მას ხშირად „ხალხის სასახლედ“ მოიხსენიებენ თავისი უნიკალური არქიტექტურის, თაღებისა და ძეგლების გამო.
გარდა იმისა, რომ ქალაქი რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრია, იგი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა და წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ნავსაყუდელს, რაც ქალაქს დამატებით სილამაზეს სძენს: ტურისტების საყვარელი დანიშნულების ადგილებია ისეთი ეკლესიები, როგორიცაა წმინდა ბასილის კათედრალი, ამაღლების ტაძარი, მთავარანგელოზის კათედრალი, ცნობილი თავისი ოქროს თაღებითა და რუსული ხუროთმოძღვრული სტილით.
მოსკოვი ტრადიციული რუსული ქალაქია, რომელზეც ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპი ფიზიკურადაც აისახება. საბჭოთა საერთო საცხოვრებელი კორპუსებიდან დაწყებული თანამედროვე ბიზნეს ცენტრებითა და ცათამბჯენებით დამთავრებული, აქ ყველაფერს ნახავთ. აღსანიშნავია ოსტანკინოს ტელეანძა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობაა (540 მ).
არ დაგავიწყდეთ მოინახულოთ წითელი მოედანი და კრემლის სასახლე, თანამედროვე რუსეთის მთავრობის სახლი, სადაც დღესაც მშვიდად განისვენებს ვლადიმერ ლენინის ნეშტი.